logo
ENG



"უნდა დავწვა ყველაფერი, რასაც მივაღწიე", - ახალგაზრდა ავღანელი ქალის მონათხრობი ქაბულიდან

16 აგვ 202114:47
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/16/54rtzyg0x1pbpkb.jpg

ახალგაზრდა ავღანელი ქალის მონათხობს ქაბულიდან The Guardian აქვეყნებს:

კვირა დილით უნივერსიტეტისკენ მიმავალს იქაური საცხოვრებლიდან გამოქცეული ქალები შემხვდნენ. ისინი პოლიციას გაყავდა. ამბობდნენ, რომ ქაბულში თალიბანი შემოვიდა და ცემდნენ ყველა ქალს, ვისაც ბურკა არ ეცვა.

სახლამდე მიღწევა გვინდოდა, მაგრამ ტრანსპორტს ვერ ვიყენებდით. მძღოლები არ გვიშვებდნენ, ვერ იღებდნენ პასუხისმგებლობას ქალების გადაყვანაზე. ქაბულს გარეთ მცხოვრებნი კიდევ უარეს დღეში აღმოჩდნენ. არ იცოდნენ, სად წასულიყვნენ.

გარშემო მდგომი კაცები გოგოებს და ქალებს დასცინოდნენ. ჩვენს შიშზე იცინონდნენ. "წადი, ბურკა ჩაიცვი";  "ქუჩაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლით";  "ერთერთ თქვენგანს ცოლად მოვიყვან", - ამბობდნენ.

სამთავრობო ოფისების დახურვის შემდეგ, ჩემმა დამ მრავალი კილომეტრი ირბინა სახლში მოსასვლელად. "ტკივილით დავხურე კომპიუტერი, რომლითაც ჩემს ხალხს ვემსახურებოდი, ცრემლიანი თვალებით დავტოვე სამუშაო მაგიდა და კოლეგებს დავემშვიდობე. ვიცოდი, რომ ბოლო დღე იყო სამსახურში," - ყვებოდა ის.

თითქმის მოვასწარი ავღანეთის ორი საუკეთესო უნივერსიტეტის ხარისხის აღება. ნოემბერში დავასრულებდი ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტსა და ქაბულის უნივერსიტეტში სწავლას, მაგრამ დღეს დილით ყველაფერი ეს აორთქლდა.

მრავალი დღე და ღამე ვიმუშავე, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც ვარ დღეს. დილით, როცა სახლს მივაღწიე, პირველი, რაც დებთან ერთად გავაკეთე, დიპლომების და სერტიფიკატების გადამალვა იყო. ამან გაგვანადგურა. რატომ უნდა ვმალავდეთ იმას, რაც საამაყოა? ავღანეთში უფლება არ გვაქვს, ვიყოთ ის, ვინც ვართ.

როგორც ქალს, შეგრძნება მაქვს, რომ კაცების მიერ წამოწყებული პოლიტიკური ომის მსხვერპლი ვარ. ვეღარ ვიცინებ ხმამაღლა, ვერ მოვუსმენ საყვარელ სიმღერებს, ვერ ვატარებ საყვარელ ყვითელ კაბას და ვარდიფერ პომადას. ვერ ვივლი სამსახურში და ვერ დავამთავრებ უნივერსიტეტს.

ფრჩხილების მოწესრიგება მიყვარდა. დღეს, სახლისკენ გზაზე, სილამაზის სალონს ჩავუარე, სადაც ადრე მანიკურს ვიკეთებდი. გოგოების ლამაზი ფოტოები გადაღებილი იყო.

გარშემო ვხედავდი მხოლოდ ქალების დაზაფრულ სახეებს და მახინჯ კაცებს, რომელთაც სძულთ ქალები, არ უნდათ, რომ მათ განათლება მიიღონ, იმუშაონ და თავისუფლები იყვნენ. ყველაზე მეტად ბედნიერმა კაცებმა დამთრგუნეს, რომლებიც ქალებს დასცინოდნენ. ჩვენს გვერდში დგომის ნაცვლად, თალიბანს უჭერენ მხარს და კიდევ უფრო აძლიერებენ.

ავღანელმა ქალებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს მცირე თავისუფლებისთვის. მე ობოლი ვიყავი და განათლების შესაძლებლობისთვის ხალიჩებს ვქსოვდი. ბევრი ფინანსური პრობლემის მიუხედავად, სამომავლო გეგმები მქონდა. არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა.

ახლა ვხედავ, რომ ყველაფერი უნდა დავწვა, რასაც 24 წლის მანძილზე მივაღწიე. უნივერსიტეტის ბარათის ან ჯილდოს ფლობა რისკიანი საქმე გახდა. რომც შევინახოთ, ვერ გამოვიყენებთ. ავღანეთში ქალებისთვის სამუშაო არ არის.

როცა პროვინციები ერთმანეთის მიყოლებით დაეცა, ჩემს ლამაზ ოცნებებზე ვფიქრობდი. ღამით ვერ ვიძინებდით, გვახსენდებოდა დედის მონაყოლი ამბები თალიბანის ეპოქაში ქალების ცხოვრებაზე.

არ ველოდი, რომ ყველა საბაზისო უფლებას ისევ წაგვართმევდნენ და 20 წლით უკან დავბრუნდებოდით. უფლებებისა და თავისუფლებისთვის 20 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ჩვენი იდენტობა ბურკებში უნდა დავმალოთ.

გასული თვეების განმავლობაში ასობით ადამიანი გამოიქცა ქაბულისკენ. ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ. სხვა სტუდენტებთან ერთად მათ დახმარებას და ფულის აგროვებას ვცდილობდი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი ამ ოჯახების ისტორიების მოსმენისას. ერთერთმა ომში ვაჟიშვილი დაკარგა, ქაბულისკენ წამოსასვლელი ფული არ ქონდათ, ამიტომ ტრანსპორტირებაში ქალიშვილი გაცვალეს. როგორ შეიძლება, ქალს მგზავრობის ფასი ედოს?

დღეს, როცა გავიგე, რომ თალიბანმა ქაბულს მოაღწია, ვიგრძენი, რომ მონა ვიქნები. ისე ითამაშებენ ჩემი ცხოვრებით, როგორც მოესურვებათ.

ინგლისურის მასწავლებლადაც ვმუშაობდი. აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ კლასის წინ ვეღარასდროს დავდგები.

ყოველ ჯერზე, როცა მახსენდება, რომ პატარა, ლამაზ გოგონებს სწავლის შეწყვეტა და სახლში დარჩენა მოუწევთ, ცრემლები მდის.

 

 


close დახურვა